სრულიად სამართლიანად განასხვავებდა
ზვიად გამსახურდია, რომ “მითოსი და მითოლოგია არ არის იდენტური ცნებები. მითოსი
არის მითების სამყარო, ხოლო მითოლოგია არის ამ მითების სამყაროს განმარტება, მნიშვნელობა,
ანუ ლოგოსი, მითოსის ლოგოსი. ასე რომ, ძველბერძნული მითების სინამდვილე შექმნილია პელაზგების
მიერ, ხოლო ელინების მიერ იგი არის სისტემატიზებული და ინტერპრეტირებული. ჰომეროსი
და ჰესიოდე არ არიან შემოქმედნი ძველბერძნული მითებისა, ისინი არიან პელაზგური ეპოქის
მითოსის სისტემატიზატორები, განმმარტებელნი. ისინი არიან მითოლოგოსები, ხოლო პელაზგური
ეპოქის მითოსის შემოქმედთა, მითოგრაფოსთა სახელებმა ჩვენამდე არ მოაღწია, მაგრამ მოაღწიეს
ღვთაებებმა, მითოსის პერსონაჟებმა”*.
მართლაც, ჩვენი წარმოდგენა
მედეასა და კოლხეთზე ეფუძნება ანტიკურ წყაროებს და რადგან ელინური მითოლოგიის უპირველესი ფუნქცია
იყო საკუთარი ქვეყნის კულტურის და ერის ისტორიის პროპაგანდა, ამიტომ, ბუნებრივია,
რომ ამ წყაროებში აღწერილი იმ ეპოქის სურათი სუბიექტური იქნებოდა. არც ის უნდა იყოს
გასაკვირი, რომ კორინთოელებმა დიდი თანხა გადაიხადეს მედეას ისტორიის მათთვის სასურველი
ვერსიის პოპულარიზაციისათვის და არც ის, რომ ევრიპიდე, სენეკა თუ სხვა ძველი ბერძენი
ავტორები ყველანაირად ცდილობდნენ საკუთარი ერის წარსულის შელამაზებას. ამ შემთხვევაში,
ამოცანის გადაწყვეტის გზად მათ მედეასა და კოლხების შეძლებისდაგვარად უარყოფითად დახატვა
აირჩიეს. უნდა ითქვას, რომ მათ ეს „დიდებულად“
მოახერხეს, რადგან ძნელად თუ მოიძებნება ისტორიაში ისეთი პიროვნება, რომელსაც ამდენი
მძიმე „ცოდვა“ მიეწერება, რაც - მედეას.
„კოლხური, პელაზგური, ტროული, მინოსური
სამყაროები მონათესავე სამყაროებია, უფრო სწორად, ერთ სამყაროს წარმოადგენენ და ეს
ყოველივე აირეკლა ჰომეროსის დიად ეპოსში და ამის შესახებ უკვე ძალზე სერიოზული გამოკვლევებია
თანამედროვე მეცნიერებაში, რომელსაც რატომღაც სათანადო პოპულარიზებას არ უწევენ“*, - წუხდა ზვიად გამსახურდია. მართლაც, კიდევ რამდენი საუკუნე უნდა იყოს მედეა უსამართლოდ
სამშობლოს მოღალატედ და საკუთარი შვილების მკვლელად შერაცხული? როდემდე უნდა ვასწავლოთ
მის მემკვიდრეებს საკუთარი ქვეყნის ისტორია დამპყრობელისეული ინტერპრეტაციით? თუმცა,
ამას თავისი ახსნაც შეიძლება მოვუძებნოთ. ერთია, რომ ყველა დამპყრობელი ელინური დროიდან
მოყოლებული ცდილობდა ჩვენი „ერის გადაგვარებას“ და „ისტორიის შელამაზებას“ და მეორე,
იმდენად უარყოფითად არიან წარმოდგენილი მედეა და კოლხები ძველ ელინურ წყაროებში, რომ
ალბათ, ქართველ მეცნიერებს ამ ეპოქის საკუთარი ქვეყნის ისტორიის კვლევა სიზიფეს შრომად
წარმოედგინათ იმ გაგებით, რომ, ამ „ტალახის“ ქვეშ კიდევ უფრო მეტი ნეგატივი არ აღმოჩენილიყო.
არგონავტების მითი არის, ასევე, საქართველოს სახელმწიფოებრიობის
ისტორიის თავფურცელი და შესაბამისად, ჩვენთვის მისაღები არ უნდა იყოს კოლხების ასეთი
უარყოფითი დახასიათება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგვეხედა ამ ნეგატივის მიღმა
და წინ წამოგვეწია ის მომენტები, რომლებიც ჩვენს წინაპრებს დადებითი კუთხით დაგვანახებდნენ.
საინტერესოა იმავე ლექციის ის მომენტები, სადაც პრეზიდენტი
გამსახურდია ქართული მეცნიერების კორიფეების: აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის, ნიკო
მარრის, მიხეილ წერეთელის და პროფესორ რისმაგ გორდეზიანის, ასევე, უცხოელი მეცნიერების:
ვილჰელმ ჰუმბოლდტისა და ფურნეეს გამოკვლევებზე დაყრდნობით საუბრობს პროტოქართული ტომების
როლზე ტროას ომში.
დღევანდელი გადასახედიდან სრულიად განსხვავებული კუთხით
არის შესაძლებელი იმ ეპოქის კოლხეთის წარმოდგენა. ამისათვის თანამიმდევრულად უნდა განვიხილოთ
მედეასთან დაკავშირებული ისტორიები და მოვახდინოთ საერთო სურათის ანალიზი. ეს არის
დროის მონაკვეთი ფრიქსეს მითიდან ტროას ომამდე, ხოლო მოვლენები შემდგომი თანამიმდევრობით
ლაგდება:
ფრიქსეს მითი - მითი არგონავტებზე - სიზიფეს მითი და კორინთოსთან დაკავშირებული
სხვა მითები - ტროას ომი.
ამ „მითებშია არა ოდენ სასიყვარულო
თავგადასავლები, არამედ მთელი სამყარო: სიკვდილი და სიცოცხლე, სიკეთე და ბოროტება,
დანაშაული და შურისძიება, პოეზია და სინამდვილე“**... „აქ
სინამდვილე მითის ნისლებშია გახვეული“***, ამიტომ, შევეცადოთ მას ის მოვაცილოთ, ერთმანეთისაგან
განვაცალკევოთ პოეზია და სინამდვილე,
ამის
შემდეგ მოვახდინოთ მოვლენების შეფასება და დავრწმუნდებით, რომ პრომეთესა და მედეასთან დაკავშირებულ მითებში
„აირეკლა აგრეთვე პროტოქართული მოდგმის, პროტოიბერიული მოდგმის წარსული და მომავალიც“*.
* საქართველოს სულიერი მისსია, ზვიად გამსახურდიას
მიერ „იდრიატის“ ფესტივალზე წაკითხული ლექცია, თბილისი 1990 წლის 2 მაისი.
**
მითოლოგიური ლექსიკონი, აკაკი გელოვანი, გამომცემლობა
„საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1983. გვ. 13.
*** იქვე, გვ. 10.
No comments:
Post a Comment